გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

 გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ცნობით, პოლიტიკოსი გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ.- ზე ფიზიკურად იძალადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოგი წულაიას მეუღლე მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, შესაძლო პროვოკაციას არ გამორიცხავს.

პოლიტიკოსის მეგობრის ვეფხია მიქაუტაძის თქმით, გოგის წულაიას დაკავება არის პოლიტიკური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შსს-მ ნებისმიერი ქმედება საჯარო უნდა გახადოს, რაც იქნება დაკავშირებული წულაიასთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით, წულაიას დაკავების ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციონერის მიერ ცნობილ პერფორმანსს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით. გიგა შუშანია არ გამორიცხავს, რომ წულაია პროვოკაციის მსხვერპლია და ის ბიძინა ივანიშვილის შვილის გინებისთვის უბრალოდ დასაჯეს.

„გაგინებ, მოდი და გამისწორდი“, – ასე მიმართა გოგი წულაიამ 11 მარტს ბერა ივანიშვილს, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუს.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი “იმედთან” ინტერვიუში და თქვა: “თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც”.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ “კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით”, სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

Related post