პატარა თიკოს ისტორია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ – რატომ ვერ „აგნებს“ მის სახლს სანტა
12-01-2021, 18:28 58

პატარა თიკოს ისტორია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ – რატომ ვერ „აგნებს“ მის სახლს სანტა

რამდენიმე საათში ძველით ახალი წელი დადგება. ტრადიციულად, ბევრ ოჯახში წინა საახალწლო სამზადისია. 5 წლის თიკუნას სახლში განსაკუთრებული, სადღესასწაულო კერძი არც 31 დეკემბერს მომზადებულა და არც ახლა.
 
მეტიც, პატარა გოგონას წინასაახალწლო სამზადისი ჯერ არ უნახავს. მათ ოჯახში სადღესასწაულო სუფრა თითქმის არასდროს გაშლილა. ყოველი ახალი წელი, წელიწადის დანარჩენი დღეებივით ჩვეულებრივი და უღიმღამოა…

ყველაფრის მიუხედავად სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. სჯერა, მაგრამ მასთან არასდროს ყოფილა. როცა კითხულობს, სად არის, რატომ არ მიდის მასთან, დედას ყოველთვის ერთი პასუხი აქვს: ძალიან შორსაა ჩვენი სოფელი და ვერ აგნებსო. ვერც წელს მიაგნო ლაპლანდიელმა თმა შევერცხლილმა სანტაკლაუსმა ასათიანების სახლს…

 
ის კიდევ ოცნებობს… ოცნებობს, ლამაზ და თბილ ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, რომელიც ზამთარში ძალიან სჭირდება და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, ოცნებობს საჭმელზე, კალორიულზე და გემრიელზე…
 
პატარა გოგონა წყალტუბოს რაიონში, სოფელ დერჩში, მშობლებთან და ასაკოვან, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბებიასთან ერთად, პატარა და დაზიანებულ ხის ფიცრულში ცხოვრობს. ამორტიზებულია კედლები, ფანჯრებიდან ქარი უბერავს.
 
დაზიანებულია სახურავიც. როგორც გარეთ, მათ სახლშიც ისე წვიმს.
 
ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ამ ოჯახში მცხოვრები მოხუცი კი პენსიას სრულად კარგა ხანს ვერ აიღებს, რადგან გასულ წელს, მეუღლის დასაკრძალად თანხის წინასწარ აღება მოუწია, დღემდე იმ ვალს იხდის.
 

„უკვე ერთი წელი ხდება, რაც პანდემიის გამო, ჩემი მეუღლე უმუშევრად დარჩა. მანამდე ხელოსნად მუშაობდა და საჭმელი არ გვიჭირდა.
 
ბოლო ერთი წელია, ცხოვრება უკიდურესად გაუსაძლისი გახდა. მანამდე კი, მამათილი გარდაიცვალა, ინსულტმა დაარტყა და 3 წლის განმავლობაში ლოგინადჩავარდნილი იყო.
 
მისი მკურნალობის გამო აღებული ვალები, დღემდე მოგყვება. გარდაცვალების შემდეგ კი დასამარხი ფული რომ არ გვქონდა, ჩემი დედამთილის პენსია წინასწარ გამოვიტანეთ და დღემდე იმ ვალს მივხვდით.
 
ამ ყველაფერს დედამთილის ავადმყოფობაც დაემატა.
 
ნერვიულობაზე მან მხედველობა დაკარგა და ეტლს მიეჯაჭვა. გარდა ამისა, ორივე ფილტვში ხშირად უდგება წყალი, გულის უკმარისობაც აწუხებს. ყოველ 10 დღეში, 150 ლარის მედიკამენტი სჭირდება. როგორ არ ვუყიდოთ წამალი, როცა ვუყურებ როგორ იხრჩობა ჰაერის უკმარისობით?! მეც ნაოპერაციევი ვარ და არ მიწყობს ჯანმრთელობა ხელს, რომ ვიმუშაო. სურვილი კი მაქვს, მაგრამ სამუშაო არსად არის.
 
იმის გამო, რომ უკიდურესად გვიჭირს, ჩემი უფროსი შვილი, რომელიც 16 წლის არის, კახეთში დედაჩემთან გავგზავნე. არც ჩემს მშობელს ულხინს, მასაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ხერხემლის თიაქარი აწუხებს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭრის. ჩემი ბიჭი უვლის და აქცევს ყურადღებას.
 
ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება 350 ლარი და დედამთილის პენსიაა, რომელსაც კარგა ხანს სრულად ვერ ავიღებთ. ეს თანხა ძირითადად ჩემი დედამთილის მედიკამენტებში მიდის. ხშირად, საკვების ფული არ გვრჩება. მეზობლების და კეთილი ადამიანების იმედად ვართ დარჩენილები. ყოფილა დღეები, როცა სახლში პურიც კი არ გვქონია. ასეთ შემთხვევებში, თიკუნასთვის მეზობელს მიუცია პური, გაბრწყინებული თვალებით შემოსულა სახლში და უთქვამს, დედიკო, პურზე გემრიელი საჭმელი არ არსებობსო.
 
ზაფხულში ძალიან, რომ გაგვიჭირდა, 2 დღეზე მეტი ბავშვი ყურძენზე გვყავდა. ხშირად მეუბნება, დედიკო, საშუალება რომ გექნება, ხომ მიყიდი ლამაზ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელსო… არ გვაქვს ზამთრის ტანსაცმელი. თიკოსთვის არც ახალი წელი ყოფილა და  არც არაფერი. სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, მაგრამ სულ კითხულობს, ჩემთან რატომ არ მოდისო. ვეუბნები, რომ შორს ვცხოვრობთ და ვერ მოგვაგნო-მეთქი. თიკოს წლევანდელმა ახალმა წელმაც ჩვეულებრივად ჩაიარა.
 
1 იანვარს რომ გაიღვიძა მკითხა, დედიკო ლობიო გვაქვს, რომ მაჭამოო, იკითხა… 6 წლის ხდება და მისთვის არც დაბადების დღე გადაგვიხდია. ოცნებობს ლამაზ ტანსაცმელსა და როლიკებზე, ჰყავს პატარა ლეკვი და კატის კნუტი, მთელი დღე მათთან ერთობა.“- ამბობს მაია ასათიანი.

პრაიმტაიმი

კომენტარები