ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა! – პრეზიდენტი
12-01-2021, 23:24 50

ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა! – პრეზიდენტი

„თურმე „ფსიქიკურად“ შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმაურება.
 
„ჭორვილა თუ არა ჭორვილა!

პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა „ლიდერების“ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
 
თურმე „ფსიქიკურად“ შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.
 
სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.
 
სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.
 
მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.
 
ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
 
ცნობისთვის, ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ნორმალური ფსიქიკის ადამიანი, რომელსაც 15 მილიარდი აქვს ჭორვილაში არ უნდა ცხოვრობდეს.

კომენტარები